ისანში, დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისანში დამამძიმებელ გარემოებაში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან, პროკურორის მტკიცებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. დაცვის მხარე კი მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს ბრალდებულმა დედას – 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები