EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს “შთამბეჭდავს” უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცეპრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს “შთამბეჭდავს” უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბრისას EBRD-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვალუტის გაცვლით კურსთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ დადებით ტენდენციებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის – ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ქვეყნის ტერიტორიაზე ეფექტიანად განაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადამცემი ხაზების მშენებლობას და EBRD-ი მზად არის ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამასთან, იურგენ რიგტერნიქმა აღნიშნა, რომ საქართველო EBRD-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია და ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
მთავრობის მეთაურისა და EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს, რათა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
„ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერმინისტრსა და ფინანსთა მინისტრთან, რომელიც ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველია საქართველოს მხრიდან. ქვეყნის მიერ 2019 წელს მიღწეული წინსვლა საკმაოდ შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, რაც გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ოდენობის ზრდაზე აისახა – თითქმის 300 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განხორციელდა.
შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებიც განვიხილეთ და ბევრი შესაძლო პროექტი გამოვავლინეთ ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში.
2020 წელი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის არა მარტო იმის გამო, რომ მესამე კვარტალში არჩევნებია დაგეგმილი, არამედ კორონავირუსის მიზეზითაც. ეს ყველა ქვეყნისთვისაა გამოწვევა. საქართველოს პრემიერმინისტრთან განვიხილეთ მისგან მომდინარე სავარაუდო ეფექტი. ის მთელს რეგიონზე მოახდენს გავლენას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით – ისეთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი დიდ მნიშვნელობას ატარებს”, – განაცხადა იურგენ რიგტერნიქმა.