ნათია თურნავა კორონავირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებზე სამსჯელოდ ტურიზმის სექტორს შეხვდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი ხვალ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება და კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევების დარეგულირების საკითხს განიხილავს.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ და პირადად მან ეს დავალება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრისგან მიიღო.
„ჩვენ აუცილებლად შევხვდით სასტუმროებსა და არა მხოლოდ მათ, არამედ ტურისტული სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ ყოვლისა, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვისმინოთ, რეალურად, ინდუსტრია კორონავირუსით გამოწვეული რა პრობლემების წინაშე დადგა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ახლა ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც ნამდვილად ყველამ ერთად უნდა იმსჯელოს და არსებული მდგომარეობის ზუსტი ანალიზი გაკეთდეს. „მთავარი ამოცანა, რაც ამ ეტაპზე ჩვენ წინაშე დგას – ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ, თუ რა პრობლემები შეექმნა სექტორს და გავაკეთოთ მეტნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი, რა შეიძლება, კიდევ განვითარდეს”, – აღნიშნა მან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტურისტული სექტორისთვის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება”, – აღნიშნა მინისტრმა.