კარანტინი, თვითიზოლაცია და შრომითი უფლებები – ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებები

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა იმ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა, ვისაც კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესის გარკვეული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

“საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ზედმიწევნით კარგად გაითავისონ ეს პრობლემები და შეუქმნან პირობები იმ ადამიანებს, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს, რომ მათ, რეალურად, თვითიზოლაცია განახორციელონ და არ ჰქონდეთ შემხებლობა სხვა მოქალაქეებთან. ამისთვის საჭიროა, რომ ის პერიოდი, როდესაც ისინი თვითოზოლაციაში არიან, დამსაქმებელმა მათ აუნაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს რისკია დამსაქმებლისთვის და, სწორედ ამიტომ, მთავრობამ, დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა დასაქმებულთა წარმომადგენლებმა შეხვედრები უნდა მოაწყონ ამ საკითხთან დაკავშირებით და რისკები, მეტ-ნაკლებად, თანაბრად უნდა იქნეს გადანაწილებული.

მივესალმები იმას, რომ ჯანდაცის სამინისტრო ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს ამ მოწოდებას. დღეს გამოიცა მინისტრის ბრძანება, 281/6, რომელიც ჩვენს ამ დასმულ შეკითხვას თვითიზოლაციასთან დაკავშირებით ადეკვატურად პასუხობს და სპეციალური წესით, როგორც ბიულეტენი, ასე ჩაეთვლება ამ ადამიანებს, ვისაც მიეცემა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, საჭიროა ზუსტი აღრიცხვა. ჩვენ თავს რომ თვითიზოლაცია გამოვუცხადოთ, ჩვენი დამსაქმებელი, რასაკვირველია, არ გაითვალისწინებს. ეს უნდა იყოს კორელაციაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა გარკვეული მონიტორინგი უნდა განახორციელონ.

თუ მეწარმეებს რისკი დაუდგინდათ, არ შეიძლება მათი პრობლემების არგათვალისწინება. ბუნებრივია, უნდა მოხდეს გარკვევა, თუ ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქციას, მისი ბიზნესი და ხელფასი არის ამ პროდუქციიდან გამომდინარე და თუ არ აქვს შესაბამისი საშუალება, რომ აუნაზღაუროს ეს, რაც ამ იძულებით მოცდენის პერიოდშია. უნდა მოხდეს დიალოგი, დასაქმებული და დამსაქმებელიც უნდა შეთანხმდნენ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდება.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების გასახორციელებლად, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება.
კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზე დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ.
ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში არის, დაახლოებით, 97 ადამიანი და თვითიზოლაციაში – 92. თუმცა, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი ცვალებადია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები