სალომე ზურაბიშვილი: აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ – რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ
“აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ – რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
“თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე.
ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ – ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია.
გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანიუნდა იყოს, დღეს ნატო-სა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ.
თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.
აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს – პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ – კეთილდღეობისკენ – გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ.
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.