მარიამ ჯაში: კითხვები საზოგადოებისთვის არსებულ საკმაოდ მწვავე საკითხებს შეეხება, ალბათ, ვერ ავცდებით შეწყალებასთან დაკავშირებულ თემას
“გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მოხსენებას გააკეთებს და დღემდე დაგროვილ არაერთ კითხვას პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვები საზოგადოებისთვის დღეს არსებულ საკმაოდ მწვავე საკითხებზე იქნება.
“კითხვები შეეხება საზოგადოებისთვის დღეს არსებულ საკმაოდ მწვავე საკითხებს. ალბათ, ვერ ავცდებით შეწყალებასთან დაკავშირებულ თემას, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. საკითხები მრავალია. გვაქვს მოლოდინი, რომ თავად ქალბატონი პრეზიდენტი გააკეთებს ვრცელ მოხსენებას, პასუხს გასცემს დღემდე დაგროვილ არაერთ კითხვას და, ასევე, მის პერსპექტივას”, – განაცხადა ჯაშმა.
ცნობისთვის, პარლამენტში 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.