არჩილ თალაკვაძე: ყველა პრინციპულ საკითხზე, ოპოზიციას სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები შევთავაზეთ, დღეის მონაცემებით, შეთანხმება შესაძლებელია

ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40-პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

„ჩვენ დღეს გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომლებიც განიხილებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოზიციების დაახლოებას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გუნდსაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40-პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკებების საგანი იყო, თუმცა ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას, რომელიც განიხილებოდა, ცდება. მინდა, დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან,  არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას, დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს, რომ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები