ზვიად ძიძიგური: თუ მინისტერიალზე ოკუპაციის კანონის დამრღვევები ჩამოვლენ, ამას, შესაძლოა, პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყვეს

არავითარ შემთხვევაშია არ უნდა ჩატარდეს ევროსაბჭოს მინისტერიალი ისე, რომ ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ, საქართველოში ჩამოვიდნენ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ამას კიდევ მოჰყვეს რაღაცა ტიპის პოლიტიკური დაძაბულობა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, მინისტერიალის თბილისში ჩატარებას მიესალმება.

„უახლოეს მომავალში გაირკვევა მინისტერიალი თბილისში ჩატარდება, თუ სტრასბურგში. შეიძლება, ეს დღესაც გაირკვეს. ძალზედ დიდი მნიშვნელობის მქონეა.
მივესალმები იმას, რომ თბილისში ჩატარდეს ეს მინისტერიალი. იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც 1 წლის განმავლობაში თავმჯდომარა, რა თქმა უნდა, იმსახურებს იმას, რომ ასეთი დონის მაღალი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოს დედაქალაქში.

მაგრამ, მე ხაზი მინდა გავუსვა და ვთქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს მინისტერიალი ისე, რომ ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონმდებლობა, კანონი ოკუპაციის შესახებ, ჩამოვიდნენ საქართველოში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ამას კიდევ მოჰყვეს რაღაცა ტიპის პოლიტიკური დაძაბულობა. ვფიქრობ, რომ ადამიანები,რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა აქვთ დარღვეული საქართველოში არ უნდა ჩამოვიდნენ. ისეთი ადამიანები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის კანონმდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს გახდება ცნობილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, გაიმართება, თუ არა თბილისში.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ.

„26 თებერვალს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები