“სოკარის” პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი (ფოტო)

0

კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებმა 2019 წლის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინეს და განხორციელებული პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

“სოკარის” CSR-ის პლატფორმა “პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს” გულისხმობს, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის, უსაფრთხოების, ქალთა გაძლიერების, შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერის მიმართულებებს.

გარემოს დაცვის კუთხით, კომპანია ცდილობს ნაკლებად საზიანო ელექტროტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას. ამისთვის “სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას ელექტროსატენების ქსელი, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას. გარდა ამისა, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა მზის პანელები. გამომუშავებული ენერგიით მარაგდება სადგურზე მდებარე მარკეტი. კომპანია მზის პანელების დამონტაჟებას მომავალშიც გეგმავს სხვა სადგურებზე.

“სოკარმა” გასულ წელს ავტოსკოლა დაარსა სადაც მსურველებს სკოლის ასაკიდანვე ასწავლიან თეორიულ ნაწილს. თუმცა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს სკოლა გამოირჩევა იმით, რომ სწავლება ხდება არა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზნით, არამედ საფუძვლიანად, რათა მართვის მოწმობის აღებამდე მძღოლს სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს.

კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს, სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. საქართველოში “სოკარის” ჰოლდინგის ყველა კომპანია ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს უსაფრთხოების სისტემებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე.

2019 წელს “სოკარი” შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე დანიშვნით და მათ დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, ინერგება სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

შშმ პირებისა და ხანდაზმულობის მხარდაჭერა “სოკარის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია მხარს უჭერს სპორტულ ბანაკს “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” და ჩართულია სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. ამასთან “სოკარი” ყოველწლიურად ეხმარება ზესტაფონის კათარზისსაც.

“სოკარი” გეგმავს ყოველწლიურად წარმოადგინოს სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში, სადაც ასახული იქნება ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

წყარო :https://report.ge/economics

კომენტარები

კომენტარი