დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი კომიტეტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარა.
დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანი ძირითადად სამ საკითხზე ისაუბრებს: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.
ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ და კომიტეტის სხდომას არ დაესწრებიან ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.