ტექნოპარკში მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups – თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წარადგინა.

2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა- ესაა ის თემები რაზეც კასრაძემ ისაუბრა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ,2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით – 12 სტარტაპამდე. ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დამატებით ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში. გარდა ამისა,2020 – 2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი, ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა: პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, მობაილ დეველოპმენტი და სხვა.

2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა,საქართველოში საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი კლასის აქსელერატორები შემოდიან მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში, შესაბამისად დაინტერესებულები არიან ეკოსისტემის გაძლიერებაში და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები