ათეა-ს ორგანიზებით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და სომხეთის თემთა კავშირის ორგანიზებით, თბილისში, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართული ღონისძიება, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, ასევე გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა – ლუიზა ვინტონმა და სომხეთის თემთა კავშირის პრეზიდენტმა – ემინ იერეციანმა გახსნეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა ლუიზა ვინტონს ასოციაციის სახელით მადლობა გადაუხადა და ათეა-სა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკური გაძლიერების, ასევე, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით განხორციელებული თანამშრომლობა პროდუქტიულად შეაფასა.
,,2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპი დაინერგა – ეს არის სუბსიდიარობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით განვითარდება ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობა.
დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი პრინციპები გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ საქართველოში დაიწყო დეცენტრალიზაციის ახალი ტალღა,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ფორუმის მეორე ნაწილი ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საქართველო – სომხეთის ტრანსასაზღვრო კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა.
აღნიშნული თემა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე დაიგეგმა ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
დღესვე მოეწყო თემატური ჯგუფების პრეზენტაციები, რომლის ფორმატშიც დაისახა თანმშრომლობა, როგორც მუნიციპალური მომსახურებების, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის, ასევე, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.