ზუგდიდში ღმრთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის ნიშის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ღმრთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის ნიშის პროექტის პრეზენტაცია და მისი თავისუფლების მოედანზე აღმართვასთან დაკავშირებული საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ საზოგადოებას მოზაიკური ხატის ნიშის პროექტი წარუდგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. მოქალაქეთა ნაწილი ამ ინიციატივას არ ემხრობა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს. მეუფე გერასიმეს განცხადებით, დაიდგმება თუ არა მოზაიკური ფრესკა მოედანზე, ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია.
შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების საშუალება. საჯარო განხილვას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ასევე სასულიერო პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.