ივანე მაჭავარიანი: დღგ-ს გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება

„დღგ-ს გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას გადის. ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დამატებითი კონტროლის მექანიზმი დაწესდა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია. საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა დაიყვანა. მინისტრის თქმით, გაანალიზდა ცალკეული შეღავათიანი საბაჟო პროცედურები და სრულად გაუქმდა მაღალი რისკის მქონე შეღავათები გადასახადის გადახდის ვადის ნაწილში, რამაც დიდი ოდენობით არალეგალური იმპორტის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა.

„სამწუხაროდ, დღგ-ის თაღლითობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ეს სირთულე, ზოგადად, თან ახლავს ამ გადასახადს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 150 მილიარდ ევრომდე საგადასახადო დანაკარგია დღგ-ის სხვადასხვა სქემის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენ მკაცრად მოვახდინეთ რეაგირება არა მხოლოდ ცალკეულ არაკანონიერ ქმედებაზე, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ გაუმჯობესებასთან”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები