გია ვოლსკი: ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს
ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა, თითსაც იქნევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას, ხელისუფლების დამხობის შესახებ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელი – ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ყველა ადამიანის სისხლი დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზე გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მათი ტაქტიკა იყო, ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა. სწორად ეს მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვა – დამხობას სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე რაშია. ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ არ ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავე იყო და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნია – გინდ, მატროსოვის კარის გაღება, გინდ დამხობა და გინდ სისხლის დაღვრა. ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.
მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.