მიხეილ ყაველაშვილი: მოტივი აქვთ ერთი, ბიძინა ივანიშვილზე და საამაყო სპორტსმენებზე აკეთონ შეურაცხმყოფელი განცხადებები
აქცენტს აკეთებენ წარმატებულ სპორტსმენებზე. მოტივი აქვთ ერთი, ბიძინა ივანიშვილზე და საამაყო სპორტსმენებზე აკეთონ შეურაცხმყოფელი განცხადებები, – ასე შეაფასა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ქართველი მორაგბეები უარყოფით კონტექსტში არიან მოხსენიებული.
როგორც “კვირას” ყაველაშვილმა განუცხადა, წარმატებული სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.
“რაგბი საამაყო სპორტია. ქვეყანას ჰყავს საამაყო სპორტსმენები, ისინი ქვეყნის საამაყო შვილები არიან. მსგავსი განცხადებები მიუღებელია. არ ვიცი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, აქცენტს აკეთებენ წარმატებულ სპორტსმენებზე. მოტივი აქვთ ერთი, ბიძინა ივანიშვილზე და საამაყო სპორტსმენებზე აკეთონ შეურაცხმყოფელი განცხადებები. ბიძინა ივანიშვილს რაგბის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ ამიტომ რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა. წარმოუდგენელია ადამიანმა, ლაშა ტალახაძის მსგავს წარმატებულ ადამიანებზე უარყოფითად ისაუბრო. ეს ადამიანები სიძულვილით არიან გაჟღენთილი. დეგრადაციის ბოლო სტადიაზე იმყოფებიან. მეცოდებიან. მათი ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია. მათი სურვილია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თუმცა დამთავრებულები არიან”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. “იაპონიაში ჩვენი რაგბისტების შედარებით სუსტი გამოსვლის მერე კი ვიფიქრე, ნეტა რა დაემართათ-თქო. რაგბის კავშირის დღევანდელი განცხადების მერე გავიგე, ბიძინას თავის ფულზე შეუსვია და აი შედეგიც. ვერ ხვდებით, რომ ვინც მაგ კაცის ფულს ხელს მოკიდებს, პოლიტიკოსიან-სპორტსმენიან-მეცნიერიან-ბერიანად, ყველა დეგრადაციის გზით მიდის?”.