უნდა დაუბრუნოს თუ არა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბიუჯეტს გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაფლანგული 48 მილიონი – POSTV
უნდა დაუბრუნოს თუ არა ბიუჯეტს „ნაციონალურმა მოძრაობამ” გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაფლანგული 48 მილიონი – ამ კითხვით POSTV-მ ოპოზიციას მიმართა.
სიუჟეტის ავტორის თქმით, 48 მილიონი ლარი დედაქალაქის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის” მიზნებსა და საქმეს მოხმარდა.
„ეს სწორედ ის თანხაა, რომლის მითვისება-გაფლანგვისთვისაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯერ მეშვიდე დღეა სასჯელს იხდის. დანაშაული უგულავას მერობის პერიოდით, ანუ 2005-2014 წლებით თარიღდება. მას შემდეგ პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა” სხვა შემადგენლობით არსებობს, უგულავა კი მათ რიგებში აღარ არის. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება. საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა კონკრეტული პარტიის აქტივისტებს, კოორდინატორებს და ამა თუ იმ მიმართულებით დასაქმებულ მუშაკებს მოხმარდა”- ამბობს ავტორი და გვთავაზობს ოპოზიციის ლიდერების პასუხებს კითხვაზე – გაფლანგული თანხა პარტიამ ბიუჯეტს უნდა დაუბრუნოს თუ არა.
„ერთიანი საქართველოს” წევრი გიორგი ახვლედიანი საკითხს არარეალურად მიიჩნევს.
განსხვავებულია „გირჩის” პოზიცია. იაგო ხვიჩია გიგი უგულავას დანაშაულსა და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის კავშირს ვერ ხედავს.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა არა თუ თანხის დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს, ამბობს, რომ უგულავა, საერთოდაც, უდანაშაულოა.
აქვე სიუჟეტის ავტორი იხსენებს, თუ რა დანახარჯებზე წუხს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თავის დროზე, თითქმის 48 მილიონი ლარი გაფლანგა.
„სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და, ახლა „ევროპული საქართველოს” სახელის ქვეშ გაერთიანებული მათი ყოფილი თანაგუნდელები ხშირად „განიცდიან” ბიუჯეტიდან მათი თქმით, „ფუჭად” დახარჯული თანხების გამო. განათება და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, მთელი საახალწლო პერიოდის განმავლობაში, მათი მხრიდან აქტიური განხილვის საგანი იყო. ასევე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტრიბუნიდან აღშფოთებული გვესაუბრებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ც ჰეპატიტის პროგრამის კრახის შესახებ. საბოლოო აკორდი კი საკრებულოში დამლაგებელთა ანაზღაურების გაზრდისთვის თავგამოდებული, ასევე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი იყო. ამ ამბის დასასრული კი, ყველამ კარგად ვიცით,” – ამბობს ავტორი.