მარნეულში 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა წარადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მერმა, ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდული საბჭოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც იქნება ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის მექანიზმი და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობი – თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის. მუნიციპალიტეტი, ახალი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდული იდეების კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, რომლის დასაფინანსებლად თვითმმართველობა 2020 წლის განმავლობაში 60 000 ლარს დახარჯავს.

იდეების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს, საინიციატივო ჯგუფებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მრავალფეროვანი პროგრამა, ასევე, მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა ლიდერთა სკოლა, საზაფხულო ბანაკები და მერის ჯილდო წარმატებულ სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები