დავით ზალკალიანი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მინისტერიალზე ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მინისტერიალს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და ევროპის საბჭოს წესდების თანახმად დააორგანიზებს.
“ჩვენი პოზიცია ცნობილია – საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს,” – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციასთან ქართული მხარის რაიმე სახის შეხვედრაა დაგეგმილი.