“დარწმუნებული ვართ, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან უგულავას საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს”
დარწმუნებული ვართ, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან უგულავას საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის” თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ “ევროპული საქართველოს”, ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელ მისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კილაძის თქმით, ოპოზიციას გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მონათვლა სურს.
“ჩვენ ნამდვილად დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებული ვართ, ევროპარლამენტარები როცა გაეცნობიან ამ საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს.
ჩემთვის სიმართლე გითხრათ, არ იყო გასაკვირი ქალბატონი სალომე სამადაშვილის კომენტარი, როდესაც მას ფაქტობრივად არ უნდა ფაქტების დამდგენი კომისია ჩამოვიდეს საქართველში, რადგან მათი სურვილია, გიგი უგულავა მოინათლოს, როგორც პოლიტიკურად დევნილი და პოლიტპატიმარი”, – აცხადებს პარლამენტის სოფო კილაძე.
ცნობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტპატიმარია და ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებისთვის მისიის შექმნის თხოვნა არარაციონალურია. “რაც უფრო მეტი დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე, ძალიან კარგია. დღეს უგულავას საქმე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგი უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი. პოლიტპატიმარია გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი. პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან მელია, გვარამია, ანუ მთელი ჯარი არის ადამიანების. ამიტომ ჩვენი პოზიციით, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია”,- განმარტა სამადაშვილმა.