გრიგორი კარასინი: რუსეთი, თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტრების სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთი, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლობის დონე ჯერ განსაზღვრული არ არის.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„რუსეთი მონაწილეობას მიიღებს, ვინ ჩავა იქ – საკითხია, რომელიც დაზუსტდება“, – თქვა დიპლომატმა.

ვითარების შესაძლო გართულების საკითხს, კარასინი „ხელოვნურ პრობლემად“ აფასებს.

თბილისში, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაც შედის.

დელეგაციის წევრების ნაწილს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც ტრადიციულად დელეგაციას ხელმძღვანელობს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული.

ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს პრინციპები და ის საერთაშორისო ნორმებს სცემს პატივს, შესაბამისად, ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის წევრებს, კანონის გვერდის ავლით, შემოუშვებენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა სხდომის ჩატარების ერთ-ერთ ვარიანტად სტრასბურგს განიხილავს.

თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნეს, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები