გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიდის
მარტში დაგეგმილ პრაღის შეხვედრაზე, საუბარი იქნება მოსკოვსა და თბილისის ურთიერთობის შესაძლო განვითარებაზე, ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიდის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა, გრიგორი კარასინმა, განაცხადა.
„მარტში აბაშიძესთან შეხვედრა იგეგმება. ორმხრივი ურთიერთობის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, იმაზე, როგორ შეიძლება მათი განვითარება, ამ რთულ პირობებში, მაშინ, როდესაც საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს“, – თქვა კარასინმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებობს „დიდი საერთაშორისო გაუგებრობა“.
კარასინის თქმით, მოლაპარაკების დროს მხარეები გეგმავენ მშვიდად, კონსტრუქციულ ჭრილში განიხილონ სფეროები, რომელთა განვითარებაა შესაძლებელი.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ უახლოეს დროში ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა აღდგეს, დიპლომატი ამბობს, რომ „ეს ფიქრის და მოლაპარაკებების საგანია“.