ევროპარლამენტარი: უგულავას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივაზე შეთავაზებას ყურადღებით გავეცნობით
ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მარინა კალიურანდი “ქართული ოცნების” იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლა პირადად შესთავაზეს.
კალიურანდის თქმით, ინიციატივაზე საუბარი ნაადრევია.
“ძალიან ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ქართულმა მხარემ ახლახან წარმოადგინა ინიციატივა. რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებით გავეცნობით ამ შეთავაზებას, როგორც იცით, ანგარიშის მოსამზადებლად მომხსენებელი სვენ მიქსერი მიემგზავრება საქართველოში. მან უნდა მოამზადოს ანგარიში საქართველოზე. დღეს მეტი დეტალის მოწოდება არ შემიძლია. ფაქტების დამდგენი კომისიის შექმნის პრაქტიკა რა თქმა უნდა არსებობს. ბოლო მისია იყო მალტაზე. სხვადასხვა მისია შეიძლება იყოს, ფორმალურიც და არაფორმალურიც. შეიძლება ევროპარლამენტარების ჯგუფი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა საქართველოს შესახებ სრულყოფილი სურათი შეექმნათ. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, რომ მათ დაიწყონ დიალოგი, შედგეს კონსესუსი და გამოსავალი გამოიძებნოს. ქართველი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს და 2020 წლის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი თქვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და ეს გადაწყვეტს თქვენს მომავალს, ინტეგრაციას, რეფორმებს. ჩემი გზავნილია ოპოზიციის და მმართველი ძალის მიმართ, ძალიან გთხოვთ ყველას დასხდეთ ერთ მაგიდასთან, ისაუბრეთ და ესაუბრეთ ერთმანეთს, ეს არ ეხება თქვენს პარტიებს, ეს ქართველი ხალხის მომავალს ეხება”, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.