გია ვოლსკი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი აუცილებელია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი აუცილებელია, რადგან ბევრია ეუთო/ოდირის რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კოდექსში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ვოლსკის თქმითვე, საარჩევნო გარემო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
“ოპოზიციამ უკვე დაადასტურა, რომ არჩევნებზე მიდიან იმ სისტემით, რაც უკვე არსებობს 73/77-ზე. გასაგებია ყველაფერი. საარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველანაირ წესს დაქვემდებარებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტითაა მოთხოვნილი. ეს არის მოცემულობა.
100/50-ზე იყო შეთავაზება იმისათვის, რომ ის შიშები და განცდა, რომ შეიძლება რომელიმე პარტიამ ან პარტიათა გაერთიანებამ მიიღოს დიდი უპირატესობა მოხსნილიყო და თანაც, არა მხოლოდ ამ პოზიციისთვის იყო ეს შეთავაზება, არამედ საერთაშორისო თანამეგრობისათვისაც უფრო მისაღები ფორმულირება გახლდათ. თუკი არჩევნებზეა საუბარი, რასაკვირველია თემა, რასაც ჰქვია მოლაპარაკებები, თავისთავად დღის წესრიგიდან ამოდის. დიალოგის აუცილებლობა რასაკვირველია არსებობს იმიტომ, რომ ბევრია უთო/ოდირის რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კოდექსში, საარჩევნო კანონში უნდა იქნეს გათვალისწინებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვა.