გია ჟორჟოლიანი: „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ ერთმანეთის მიმართ პროტესტის გამოხატვის გარდა, არავითარი ხედვა აღარ შერჩენიათ

ეს ორპოლუსიანი სისტემა აშკარად კრიზისს განიცდის და ვიდრე ეს ორი ძალა “ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” იქნება ერთადერთი ალტერნატივა ამომრჩევლისთვის, ჩვენი მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, პარტია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენი საარჩევნო სისტემის უფრო მეტად ღიაობისკენ წასვლა. ახალ პოლიტიკურ ძალებს, ან ტრანსფორმირებულ პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანი სისტემა აშკარად კრიზისს განიცდის და ვიდრე ეს ორი ძალა “ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” იქნება ერთადერთი ალტერნატივა ამომრჩევლისთვის, ჩვენი მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს. ერთმანეთის მიმართ პროტესტის გამოხატვის გარდა, აღარ შერჩენიათ არავითარი ხედვა და განვითარების რესურსი. მაქსიმალურად მეტი პროპორციულობისკენ და ჩართულობისკენ წასვლა ყველა შემთხვევაში წაადგებოდა ქვეყანას. მოვუწოდებდი ყველას, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაედგა. ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს, არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტებთან ან მოკავშირეებთან. ჯანსაღ ძალებთან მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ.

ჩვენთან სიტყვა ოპოზიციის სინონიმი გახდა “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ასე არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” არის ანტისისტემური პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის მზად კონსტრუქციულად ქვეყნის განვითარების წაყვანისთვის.

პოლიტიკაში არავითარი წინააღმდეგობა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არ არსებობს. ერთი და იგივე კანონები აქვთ ძირითადად და ერთი და იგივე წესრიგს ინარჩუნებენ. “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, არის მცდელობა, რომ ისტორიის ბორბალი დაატრიალონ უკან და ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. მე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით ის მიდის უკან, “ქართული ოცნების” მხარდაჭერით ის ჩერდება იგივე ადგილზე, მაგრამ სინამდვილეში ისევ მიდის უკან და ამიტომ ახალ გზაზე უნდა დადგეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები