ჟორჟოლიანი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე: ეს მოვლენების სტაბილურად განვითარებას არ წაადგება
სამართალი უნდა აღსრულდეს, მაგრამ უნდა აღსრულდეს დროულად, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, პარტია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მოვლენების სტაბილურად განვითარებას არ წაადგება.
„მე არც მოსამართლე ვარ, არც ადვოკატი , მით უმეტეს, არ გამოვდგები „ნაციონალების“ ადვოკატად. მე პოლიტიკოსების იმ მცირე ნაწილს მივეკუთვნები, რომლებიც 2003 წელს კი არა, კიდევ უფრო ადრე, ამ მოძრაობის და მათი ლიდერების საქმიანობაში დიდ სირთულეებს ხედავდა. მინდა, ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ წაადგება ქვეყანაში მოვლენების სტაბილურად განვითარებას. ის, რომ დანაშუალი იყო ჩადენილი, თავად უგულავას ჰქონდა აღიარებული . რა რაოდენობის წლები უნდა მისჯილიყო ამისათვის, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ეს დანაშაული სასჯელს იმსახურებდა , საყოველთაოდ იყო გაზიარებული. მაგრამ, ყველაფერს აქვს თავის დრო. თუ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი, დროზე უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ეს ერთგვარად შეგვიძლია შევადაროთ იმას, რ ომ ვთქვათ, გაფუჭებულია გზა , 8 წელი არავინ აკეთებს და არჩევნების წინ უცბად გააკეთეს. არჩევნების შემდეგ მალევე დაინგრევა ის გზა.
კი, სამართალი უნდა აღსრულდეს, მაგრამ სამართალი უნდა აღსრულდეს დროულად. არ უნდა აღსრულდეს მხოლოდ ზოგიერთი დამნაშავის მიმართ. ეჭვი არ მეპარება, რომ პოლიტიკური შინაარსის დანაშაულები „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ბევრია ჩადენილი , რომელსაც პასუხი არ გაეცა. მე არ ვიცი, ყველა შემთხვევაში საჭირო არის, თუ არა პატიმრობის გამოყენება , მაგრამ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იმ პირებისათვის, რომლებმაც ღია, საჯარო, სამართლიანი, ობიექტური პოლიტიკის პრინციპებს უღალატეს , აუცილებლად მიმაჩნია“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
თამუნა შეყილაძე