რუსეთის საგარეო უწყებაში მაისში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავენ

ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში 14-15 მაისს ჩატარდება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შესაძლოა, პროვოკაციები მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში არსებობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის თანახმადაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტუმრობა, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ფასდება და ისჯება ჯარიმით, ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“,-განმარტა დიპლომატმა.

მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალები გამოდიან მოწოდებით, რომ „ეს კანონი იყოს გამოყენებული ევროპის საბჭოს ღონისძიების დროს“.

თბილისში, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაც შედის.

დელეგაციის წევრების ნაწილს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც ტრადიციულად დელეგაციას ხელმძღვანელობს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული.

ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს პრინციპები და ის საერთაშორისო ნორმებს სცემს პატივს, შესაბამისად, ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის წევრებს, კანონის გვერდის ავლით, შემოუშვებენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა სხდომის ჩატარების ერთ-ერთ ვარიანტად სტრასბურგს განიხილავს.

თუმცა, როგორც საქართველოს საგარაეო საქმეთა სამინისტროში, ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნეს, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები