ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
“ლელო საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.
ის თბილისის პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.
ცნობისთვის, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრებმა, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, „მთავარი არხის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში, სადაც გადაწყდა ის საკითხი, რომ გიორგი არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა. გარდა ამისა, კოჟორიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლებელია ამ შეხვედრაზე საუბარი ყოფილიყო ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.