ხალხს არ აინტერესებს, როგორ აირჩევენ დეპუტატებს, ხალხს აინტერესებს, როგორი დეპუტატები ეყოლება, – ჭიჭინაძე საარჩევნო სისტემის შესახებ
ხალხს არ აინტერესებს, როგორ აირჩევენ დეპუტატებს, ხალხს აინტერესებს, როგორი დეპუტატები ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭიჭინაძემ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც პარლამენტში პროპორციული წესით ნაცვლად 77-ისა, 100 დეპუტატის არჩევას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას გულისხმობს.
„რაც შეეხება 100/50-ს, ეს უკეთესია, ვიდრე 77/73-ზე, 100 უკეთესია პროპორციაში, ვიდრე 77. ოპოზიცია რომ ამბობს 130 უნდა იყოს არჩეული პროპორციული წესითო, ეს არასერიოზული მგონია, იმიტომ, რომ 20 და 15 მაჟორიტარის ყოფნას, ჯობს საერთოდ არ იყოს მაჟორიტარი, იმიტომ, რომ ის ფორმალური ხდება. მაჟორიტარი 150 და 200 ათას ამომრჩეველს ვერ მოემსახურება. თან, ზოგადად იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალში 2 პალატიანად უნდა გადაკეთდეს ჩვენი პარლამენტი, ვფიქრობ, 100 ზუსტად ის ოპტიმალური რიცხვია, რომელიც ქვედა პალატაში უნდა იყოს, 50 ზუსტად ის, რაც ზედა პალატაში.
თუ ამ ლოგიკით წავყვებით სამომავლო გადასვლას, ვფიქრობ, ეს ნორმალური რიცხვია და შეიძლება განხილვა. მხოლოდ და მხოლოდ ამ პოზიციით, თორემ ის, რომ ეს რაღაცა ხალხის მოთხოვნის კონტექსტში ჩასვა, არა. ეს არის კონკრეტული ძალების მოთხოვნა, შეთავაზება. ხალხს არ აინტერესებს, როგორ აირჩევენ დეპუტატებს, ხალხს აინტერესებს, როგორი დეპუტატები ეყოლებათ. ეს არის მთავარი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე