დავით ჭიჭინაძე უგულავას დაკავებაზე: სამართალი უნდა იყოს სამართლიანად დამდგარი და არა უსამართლოდ
გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა, – ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას.
როგორც ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაღაც გარიგების შედეგად იყო უგულავა გამოშვებული, გარიგება დაარღვია და იმიტომ დასაჯეს.
„თვითონ ფაქტი იმდენად ამოვარდნილია იმ მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი პრაქტიკულად ამკვიდრებს ყველა თავის პარტნიორ ქვეყანაში, რეალურად გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება, თვითონ თქვეს რომ ეს შეშფოთების საგანი აღარ არის, მათ პოლიტკურ დევნად აღიარეს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შეფასებაა.მით უმეტეს, თალაკვაძისა და ზალკალიანის ვიზიტის ფონზე, მეტნაკლებად დაპირებები გაიცა, რომ დარბილებული ტონი იყო და მეგობრობაზე იყო საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები, დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც ჰპირდებოდნენ, რომ გარკვეულ კომპრომისს მოძებნიდნენ ოპოზიციასთან. მაგრამ, გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ყველა გზა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად დამნაშავე ადამიანსაც კი, როდესაც ასე ექცევიან, ყველა მეტ-ნაკლებად სოლიდარობას უცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სამართალი უნდა იყოს სამართლიანად დამდგარი და არა უსამართლოდ, იმიტომ ჰქვია სამართალი და ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაღაც გარიგების შედეგად იყო უგულავა გამოშვებული, რაღაც გარიგება დაარღვია და იმიტომ დასაჯეს. მე ვთვლი, რომ ასე მანიპულირება დამნაშავეებთან არ შეიძლება, არავის აქვს უფლება, კულუარულად, გარიგდეს და მერე თუ ვიღაცა მას დააზიანებს, შესაბამისად ისევ ანგარიში გაუსწოროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრობლემა, ხალხზე და ქვეყანაზე კი არ არის ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებული, არამედ თავის ინტერესებზე”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
თამუნა შეყილაძე