გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებენ – ადვოკატი მის დაკავებას არ გამორიცხავს

დღეს, უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. გადაწყვეტილება, რომელიც “თბილისის განვითარების ფონდს” ეხება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, არ გამორიცხავს, რომ უგულავა დააკავონ. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

“პირველი ფაქტორია, რომ საქმეს განიხილავს შალვა თადუმაძე, რომელიც ამავე საქმის სააპელაციო წესით განხილვის პერიოდში და საკასაციო საჩივრის უზენაეს სასამართლოში წარმართვისას იმყოფებოდა გენერალური პროკურორის პოზიციაზე. მეორე ფაქტორი – ამ საქმის განხილვის ექვსთვიანი ვადები დახურულია და 2020 წლის თებერვალში ამ საქმეს განიხილავენ ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა. მესამე გარემოება, რომელიც ეჭვს ბადებს – უზენაესმა სასამართლომ ანალოგიური სისხლის სამართლის საქმეზე, საუბარია “თბილსერვისის” ბრალდების საქმეზე, წარმოებაში არ მიიღო საკასაციო საჩივარი. წელიწადნახევრის შემდგომ, იმ ვითარებაში, როდესაც ივანიშვილი დაჭერებს აანონსებს, უკვე საკასაციო სასამართლო არათუ წარმოებაში იღებს, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების გამოცხადებას აანონსებს,” – აცხადებს ბექა ბასილაია.

მისივე განმარტებით, სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაივლის და მხარეს პოზიციის დაფიქსირების უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები