დავით ალადაშვილი: 2020 წლის ბოლომდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში 26 “საქმიანი ეზო”მოეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში მიმდინარე სამუშაოებს “ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.
ტყით სარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში გაუდვილებს.
მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყე კაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში აგრძელებს.
ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს.(კახეთში -ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).
წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყით სარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, გაცილებით ეფექტურად განხორციელდება, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, უკანონო ჭრების რისკები არსებითად შემცირდება.