რეჟისორ ზაზა ხალვაშს მშობლიურ სოფელში ხვალ დაკრძალავენ

რეჟისორ ზაზა ხალვაშს ხვალ ქედაში, მშობლიურ სოფელში – გეგელიძეებში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გაიმართება, სადაც თანაქალაქელებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, რეჟისორს დაემშვიდობონ.

რეჟისორი 4 თებერვალს თბილისში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: “იქ ჩემთან”, “მიზერერე“, რომელიც რიგის (ლატვია) საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. მას ეკუთვნის ასევე, ფილმები- ,,ექო“, და 2017 წელს გადაღებული ფილმი – ,,ნამე“, ეს უკანასკნელი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზეც.

იგი გასულ წელს მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე – ,,წვიმა ორ ნაპირზე“. რეჟისორი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ,,ქართულ ფილმში“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად, აჭარის ტელევიზიის დირექტორად. ფილმებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ასევე სწავლობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები