ემზარ საბანაძე ონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ექიმებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, “სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ექიმებს შეხვდა.
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით მუსერიძე ესწრებოდნენ.
ემზარ საბანაძემ ონის მუნიციპალიტეტისთვის “სოფლის ექიმის“ პროგრამის მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
პრობლემები ძირითადად ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობის არქონას და ზამთრის პერიოდში სოფლების რთულ გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება.
“აღნიშნულ პროგრამაში დასაქმებული ექიმების, როგორც სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა უდიდესია მოსახლეობის წინაშე, რაც ხშირ შემთხვევაში რთულ პირობებში მუშაობასაც გულისხმობს. მერია კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მხარს დაუჭერს თითოეულ ექიმს საქმიანობის პროცესში”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსის დავით მუსერიძის განცხადებით, მარტის თვეში სამედიცინო სფეროში დაანონსებული ცვლილებები გარკვეულწილად გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას.