დონალდ ტრამპი ზეიმობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დემოკრატებმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ისევ წამოიწყონ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის წევრები მზად არიან იმპიჩმენტის პროცედურა ნებისმიერი საკითხის გამო დაიწყონ.
“თუ გაიგეს, რომ ქუჩას გადავდიოდი, და შესაძლოა ეს, წითელ შუქზე გავაკეთე, ან კიდევ სხვა რამე ჩავიდინე, იტყვიან: „გამოვუცხადოთ იმპიჩმენტი“. ასე რომ, შესაძლოა, ეს ისევ გააკეთონ, იმიტომ, რომ საერთოდ გაგიჟდნენ. მაგრამ, მთელი ცხოვრება ვამარცხებდი მათ და ამას ისევ გავაკეთებ, თუ საჭირო გახდა“, – თქვა ტრამპმა, თეთრ სახლში იმპიჩმენტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ხალხისადმი მიმართვის დროს.
მისი თქმით, დემოკრატები „გაბოროტებული ხალხია, შეკრულები არიან, როგორც გაბოროტებული ეშმაკები. შეიძლება ისევ დაბრუნდნენ, რომ მეტი მიიღონ“.
ტრამპმა ასევე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი გააკრიტიკა, რომლმაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და მას „საშინელი ადამიანი“ უწოდა.
მისი თქმით, დემოკრატებმა პოლიტიკური მოტივებით მისი დევნა, ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყეს, როდესაც ის ნიუ-იორკის ცათამჯენის „ლიფტიდან გამოვიდა“ და 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
მან თქვა, რომ თავდაპირველად, დემოკრატები იძახდნენ, რომ მის გაპრეზიდენტებას რუსეთმა შეუწყო ხელი და „ე.წ. რუსული გამოძიება დაიწყეს“. მისი თქმით, მის წინააღმდეგ ბინძური ადამიანები მოქმედებდნენ.
„ეს პრეზიდენტ ობამას დროს რომ მომხდარიყო, ბევრი უკვე ციხეში იქნებოდა გამომწყვდეული მრავალი წლით“,-დასძინა ტრამპმა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შორის ზაფხულში სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს, ამერიკის ლიდერმა კოლეგას მოუწოდა, ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება დაეწყო.
დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ამ გზით ტრამპი ცდილობდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი სავარაუდო, კონკურენტი, ჯო ბაიდენი, დისკრედიტირების გზით მოეცილებინა.
ამერიკის პირველ პირს წარმომადგენელთა პალატამ ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და კონგრესის შეწინააღმდეგება დასდო და 2019 წლის დეკემბერში იმპიჩმენტი გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას, დემოკრატიული პარტიის წევრები წარმოადგენენ.
პროცედურულად, საკითხის განხილვა სენატში გადავიდა, რომელმაც 5 თებერვალს იმპიჩმენტი ჩააგდო და ტრამპი „გაამართლა“. სენატის უმრავლესობას რესპუბლიკური პარტიის წევრები წარმოადგენენ.