გია ვოლსკი: ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა

“ეუთო განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია არ არის რელევანტური იმ კითხვასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დააწერინეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეიქმნას და თავისი ფუნქციები განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას სერიოზული პრობლემები ემუქრება. ამასთან, ეუთო განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია არ არის რელევანტური იმ კითხვასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დააწერინეს.

ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ის იყო წინააღმდეგი, ამ შეცდომაში შესულიყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ოდირს საქართველოს სახალხო დამცველმა გაუგზავნა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები