გრიგოლ ვაშაძე – ეუთო, დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას ცალსახად თხოვს, მიიღოს ის საარჩევნო მოდელი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.
ვაშაძის შეფასებით, ეუთო, დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას ცალსახად თხოვს, მიიღოს ის საარჩევნო მოდელი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული.
“ამ დოკუმენტში ორი მთავარი პუნქტია. პირველი, პროპორციული არჩევნები და ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც პროპორციულ არჩევნებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული, საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ეუთო, დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას ცალსახად თხოვს, მიიღოს ის საარჩევნო მოდელი, რომელიც კონსესუსზე იქნება დაფუძნებული. კონსტიტუციურობას არ აფასებს იმიტომ, რომ ეს დავის საგანი არ არის. საქართველოს კონსტიტუციას სრულად შეესაბამება”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა.
„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, რამდენადაც, არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო ინკლუზიურ დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.