შრომის ინსპექცია: კორპუსში, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები კრიტიკული დარღვევების გამო შეჩერდა

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორპუსში, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობაზე მასალის სიმაღლეზე ატანა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით ხორციელდებოდა.

“მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს უამრავი სამშენებლო კომპანია და როგორც იცით, შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრთხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფერაძემ.

​შეგახსენებთ, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები