საიამ “გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების სახელით ახალი სარჩელი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების, ბონდო თევდორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა.

საიას მიაჩნია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას განამტკიცებს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება საჯარო-პოლიტიკური პირების მიმართ, მსგავსი შეკრების ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მათი საქმიანობისადმი და ამგვარად, საჯარო ინტერესის სფეროში არსებულ საკითხზე კონკრეტულ საჯარო-პოლიტიკურ პირს შეაცვლევინოს პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ მოსარჩელეების მიმართ, ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა გასული წლის 14 აგვისტოს, აქციის”გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა მიერ შპს “რეზიდენსის“ ტერიტორიასთან შეკრების მიმდინარეობისას აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება. შედგენილი ოქმების კანონიერებაზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც იმსჯელა. არცერთმა სასამართლომ მოსარჩელეების საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები