„ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ ხარბ დამსაქმებლებზე“ – „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები აქციას გამართავენ
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ხვალ, თბილისში „ფრონტერას” სათაო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
„რა უნდა ქნას ამ 84 ადამიანმა, რომელმაც დეკემბრის თვეში, წინასაახალწლოდ მოითხოვა 11 თვის აუნაზღაურებელი ხელფასი? ამის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. გარანტიას გაძლევთ, რომ ხვალ კიდევ 15 ადამიანს გაათავისუფლებენ, იმიტომ რომ მათაც მოითხოვეს ხელფასების ანაზღაურება.
კომპანიაში თავის მენეჯმენტიანად მუშაობს 130 მოქალაქემდე. 100 თანამშრომელი გათავისუფლებულია იმის გამო, რომ მათ მოითხოვეს თავიანთი კუთვნილი ანაზღაურება. დამსაქმებლებს ჰგონიათ, რომ ისე უნდა იბაირამონ ამ ქვეყანაში, რომ შეიძლება, ამუშაო ადამიანი, არ გადაუხადო ანაზღაურება და პლუს, დასაჯო და გაათავისუფლო სამსახურიდან. ერთი მხარეა სამართლებრივი ფორმა თუმცა, ხვალ ჩვენ საპროტესტო აქციაც გვაქვს და ეს პროტესტი გაგრძელდება, არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ძლიერი პარტნიროები და მეგობრები გვყავს პროფკავშირების სახით და გაგრძელდება აშშ-შიც. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პროფკავშირების გავლენები მთელ მსფლიოში არცთუ ისე სუსტია. ბუნებრივია, ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ კომპანიაზე, ხარბ დამსაქმებლებზე, რომ ჯიბიდან ამოიღონ ის, რაც მათი კუთვნილი არაა, არის ამ ადამიანების შრომის ანაზღაურება.
მეორე – სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება და რატომ ქმნის სახელმწიფო მახინჯ სისტემას: შრომითი დავა უნდა იყოს გათავისუფლებული ბაჟისგან. ბაჟის სახით უნდა გადავიხადოთ კოლოსალური თანხა, ესაა დაახლოებით 10 000 ლარზე მეტი. როგორი გადასახდელია ეს უმუშევარი ადამიანისთვის? საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა, რომ არა ჩვენი სოლიდარობა? ჩვენ ეს თანხა უნდა შევაგროვოთ“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა. ამ წერილში ის „ფრონტერას“ ახსენებს.
„მიუხედავად საქართველოს პროგრესისა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებმა გამოავლინა განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ში.
ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან”- ნათქვამია წერილში.
ცნობილი გახდა, რომ მალინი “ფრონტერას” ოფიციალური ლობისტია. პეტრიაშვილი მას მახინჯი აზროვნების მქონე კონგრესმენს უწოდებს.
„ის არც 11 თვის დავალიანებაზე, არც თანამშრომელთა უფლებების შელახვაზე კითხვებს არ სვამს, მაგრამ იქ რომ 5 700 დოლარი აიღოს ყოველთვიურად და ულობიროს კომპანიას, რომელიც ამ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ამასთან დაკავშირებით უკადრებელს კადრულობს. მაგას ამერიკაში გავცემთ პასუხს“- გაანცხადა პეტრიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე