გიგი წერეთელმა საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა – მსგავსი ფორმატის შეხვედრები აძლიერებს ახალგაზრდა ლიდერებს
ვაშინგტონში, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ ორგანიზებული სემინარი: „მომავალი ლიდერობა პოლიტიკური ჩართულობისთვის ეუთოს რეგიონში” ჩატარდა. სემინარში მონაწილეობა ეუთოს 19 ქვეყნის და 3 პარტნიორი სახელმწიფოს 35-მა ახალგაზრდა პარლამენტარმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს. სემინარის განხილვის მთავარ თემას ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა როლის გაძლიერება წარმოადგენდა.
საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მიმართა.
„ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმ მოწოდების პასუხად, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბერლინის ყოველწლიურ შეკრებაზე გახმოვანდა – ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის, ურთიერთნდობის გასამყარებლად, შეგვექმნა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმი. ახალგაზრდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მშვიდობის კულტურის განვითარებაში, კონფლიქტების პრევენციის და მოგვარების საქმეში, ისეთი აქტიური საკითხების გადაწყვეტაში როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაცია. მსგავსი ფორმატის შეხვედრები აძლიერებს ახალგაზრდა ლიდერებს და თუ ჩვენ გამოვნახავთ ეფექტურ საშუალებას, რათა ასეთი შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს, ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
სემინარის ფარგლებში სხვადასხვა თემატური სამუშაო სესია გაიმართა, რომელზეც ეუთოს პრინციპებზე და განზომილებებზე დისკუსიები გაიმართა. განხილვის ერთ-ერთ თემას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და მისი მონიტორინგი წარმოადგენდა.