ზუგდიდი საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქად მეხუთედ დასახელდა ( ვიდეო)
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით, კონკურსის “სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა. ზუგდიდსავე ხვდა წილად ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა.
ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას თქმით, იყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე სუფთა ქალაქის მერი, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სტატუსია.
კონკურსში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა- ნომინაცია “სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი; ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ქალაქი ზუგდიდი; ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, კონკურსი მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმუდგინეს . კონკურსის ფარგლებში, შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.