ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს დაგეგმილია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა სკოლებში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისთვის.
“საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად მართავს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ლექცია-სემინარებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ცენტრმა საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა დაასრულა. 2020 წელს დაგეგმილია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა სკოლებში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისთვის. 2019 წელს ცენტრმა დაიწყო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადდა 300-მდე მეპაიე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.