ონის მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ მეწარმეებს შეხვდა და პროექტებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე “რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდის” ხელმძღვანელს, ინგა მეტრეველს და ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო “ედენას” ხელმძღვანელს, ლილი მაისურაძეს  შეხვდა.

“რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი” ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო “ედენასთან” ერთად,  გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ს პროექტში – “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ქალების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად” საგრანტო წინადადებით ჩაერთო და სრული დაფინანსება მიიღო.

პროექტის თანახმად,  სახელოსნო “ედენას” ბაზაზე იქმნება მრავალპროფილური რაჭული სუვენირების საწარმო, რომელიც შეინარჩუნებს სოციალურ სტატუსს, გადაამზადებს და დაასაქმებს სხვადასხვა ჯგუფებს დაგეგმილი მიმართულებებით. საწარმო დაფუძნდება ახალ ლოკაციაზე, აქვე აშენდება კონცეპტუალური ეთნოტურისტული მაღაზია, სადაც გაიყიდება სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმეების ტურისტული პროდუქტი, ასევე რეკლამირდება მომსახურება. გარდა ამისა, აგვისტოს თვეში მაღალმთიან სოფელ გონაში ჩატარდება ეთნოფესტივალი, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო პროგრამის პარალელურად, მოეწყობა ეთნოტურისტული და აგროპროდუქციის გამოფენები ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად.

პროექტი 15 თვე გაგრძელდება და მასში  80-მდე პირდაპირი და 200-მდე ირიბი ბენეფიციარი ჩაერთვება.

ემზარ საბანაძე დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განხორციელებული თითოეული მსგავსი აქტივობა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთვება 80-მდე ბენეფიციარი, რაც ონისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული პოტენციალს გაზრდის და სიღარიბის დაძლევის კუთხით.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და პროექტის ხელმძღვანელებს, სხვა მეწარმეებისათვის პროექტის გასაცნობად, მერიის შენობაში საინფორმაციო პრეზენტაციის ჩატარებაც შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები