კახაბერ კუჭავა: მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ
„მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე მხარი არ დაუჭირა და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.
კახაბერ კუჭავას თქმით, სამწუხაროა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ მიიღეს.
“დღევანდელ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ, ეს ფაქტიურად წინაპირობა იყო იმის, რომ ალბათ ასეც მოხდებოდა და ეს ვიცოდით. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ბოლომდე. სამწუხარო იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იყო მიღებული, მითუმეტეს იმ სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, რომელიც მათ ჰქონდათ ტრიბუნაზე, თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი იყო დღეს დაფიქსირებულიყო ის, რაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, სხვა ჩვენი ქვეყნების მეგობარი და მომხრეების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გავურთულებთ მათ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით,”- განაცხადა კახაბერ კუჭავამ.