კახა კალაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციები გვექნება და გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციები შედგება, რადგან აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული შემთხვევაა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საკმაოდ დიდი შეხვედრა იყო თავისუფლების მოედანზე, სადაც 150 000-ზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. ერთად აღვნიშნეთ. კვირეულიც გაიმართა. შესაბამისად, თავმჯდომარე ქვეყანა რომ ვართ, წესდებით არის გათვალისწინებული, რომ მინისტერიალი უნდა ჩატარდეს საქართველოში. დელეგაციას რაც შეეხება, რუსეთიც შედის ამ დელეგაციაში. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მოვისმინეთ მუქარები. რაც არ უნდა მუქარის ტონის განცხადებები გააკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, ოპოზიციამ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადავდგათ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც სწრაფად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები