აბაშაში სოფელ ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო ხიდი გაიხსნა

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ და აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ, მოსახლეობასთან ერთად, სოფელ ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო ხიდი გახსნეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო გზის კოლექტორულ არხზე არსებული ხიდი გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, რის შემდეგაც ხიდი სრულად დაინგრა.

“აღსანიშნავია რომ, აღნიშული ხიდი მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს გზის მიმდებარედ არსებულ 8 სოფელს. ხიდის ნგრევის შედეგად შეიზღუდა სასწრაფო დახმარების, სახანძრო ავტომანქანის, სასკოლო ავტობუსებისა და სხვადასხვა ტრანსპორტის გადაადგილება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა ახალი ხიდის მშენებლობა. საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ადგილობრივ მოსახლეობას მოვუგვაროთ ის ძირითადი პრობლემები, რაც მათ დღეს აწუხებთ,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა. ასევე, სოფელ ტყვირში გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 588 987,00 ლარით დაფინანსდა. მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები