მაია ცქიტიშვილი: ვფიქრობთ, რომ ლევან იზორია ჩვენს ურთიერთობას გერმანიასთან გააუმჯობესებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ლევან იზორიასთან დაკავშირებით არავითარ სკანდალს არ აქვს ადგილი.
მინისტრი იმედოვნებს, რომ გერმანიაში ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს.
„ლევან იზორია როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე დაზვერვის სამსახურში კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. არავითარ სკანდალს არ აქვს ადგილი ლევან იზორიასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რა სკანდალის აწევასაც ცდილობს ერთ-ერთი ჩვენი მედიასაშუალება.
რაც შეეხება ლევან იზორიას საკადრო გადაადგილებას, ეს არის იმის გამოძახილი, რომ მას ჰქონდა გერმანიაში სწავლისა და მოღვაწეობის გამოცდილება. შესაბამისად, ის კარგად იცნობს იმ ქვეყანას. ასევე, ის არის ჩვენი გუნდის წევრი. შესაბამისად, როგორც გამოცდილი ადამიანი, რომელსაც მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში ჰქონდა გამოცდილება, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად წარგვადგენს ამ ქვეყანაში.
ცვლილებები ყოველთვის ხდება და ვფიქრობთ, რომ ბატონი ლევანი გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას მათ შორის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და განაცხადა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.