„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ი“ დასრულდა
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ი“ დასრულდა. პროექტის ფინალი ზესტაფონში შედგა. ფინალურ შეხვედრაზე, ზესტაფონისა და ჭიათურის მე-9-დან 11 კლასის ჩათვლით შემდგარი გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.
პროექტში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – ჭიათურის #2 საჯარო სკოლა, II ადგილი – ზესტაფონის #4 საჯარო სკოლა და III ადგილი ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლა.
“ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდა:
I ადგილი – 5000 ლარი;
II ადგილი – 4000 ლარი;
III ადგილი – 3000 ლარი;
„მოხარულები ვართ რომ ამ პროექტმა კარგი გამოხმაურება ჰპოვა. ეკოლოგიკის“ პროექტი მიმართულია იმისაკენ, რომ ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მუდმივად მზად არის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს.
„ეკოლოგიკაში“ აქტიურად არიან ჩართულები როგორც ზესტაფონის, ისე ჭიათურის მოსწავლეები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ დიდია. ორივე რეგიონის სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სტიმულს გვაძლევს, რომ პროექტი სამომავლოდ მეტად განვითარდეს,“ – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.
პროექტის მესამე დასკვით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერები გივი მოდებაძე, გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.„ეკოლოგიკა 2019“-ის მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა. პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის მე-9-დან 11 კლასის ჩათვლით კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში – „რა, სად, როდის“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე – 15, ხოლო მეორე ეტაპზე – 7 გამარჯვებული გუნდი – 5 ჭიათურის და 2 ზესტაფონის გამოვლინდა.
მეორე ეტაპზე, პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7-მა გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.
„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა სად როდის“ არიან.