გია ვოლსკი – სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ტაქტი, რომ საზოგადოებას არ დაუმალოს ინფორმაცია თავისი აქტივობების შესახებ
სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ტაქტი, რომ საზოგადოებას არ დაუმალოს ინფორმაცია, განსაკუთრებით თავისი აქტივობების შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რომც არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია, ტელევიზიებს და მედიებს რომ არ მიექციათ ყურადღება, ეს ინფორმაცია გარეთ მაინც გამოვიდოდა. რა არის ეს დამალვა და ჩრდილში ყოფნა, მე არ მესმის. სულ რომ არ ყოფილიყო ეს კითხვა დასმული, რასაკვირველია, ხალხი ამის თაობაზე გაიგებდა. რა არის, კონსპირაციაა, თუ დასამალი აქვს საზოგადოებისაგან სახალხო დამცველს? რამდენად სახალხოა კიდევ, არ ვიცით. მე ვამართლებ საერთოდ გამჭვირვალობას და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას საზოგადოებისათვის. მით უმეტეს, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ტაქტი, რომ საზოგადოებას არ დაუმალოს ინფორმაცია, განსაკუთრებით თავისი აქტივობების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნინო ლომჯარია გუშინ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი, შეხვედრაზე უარი განაცხადა.